Tuesday, August 28, 2001

„ყველაზე საშინელი ბოზი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ გრძნობას ჟიმავს“

ქართული ალტერნატიული მუსიკის ბიძა თავის პედაგოგად ჰამლეტ გონაშვილს ასახელებს

რობი კუხიანიძე საკუთარ თავს არც „ალტერნატივშიკს“ და არც პანკს არ უწოდებს, თუმცა მისი ჯგუფის, „აუტსაიდერის“ შემოქმედებაში მრავლად გვხვდება როგორც პანკის, ისე ალტერნატიული მუსიკის ელემენტები. რობის არ მოსწონს, როდესაც ქუთაისური როკის ან ქართული ალტერნატივის მამას უწოდებენ. უფრო მეტიც, საერთოდ არ მოსწონს ასეთი პირობითი ტერმინები.

თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მასწავლებლად რობი რუსული ანდერგრაუნდის უთვალსაჩინოეს ფიგურას პეტრე მამონოვს მიიჩნევს. სწორედ ამ პიროვნების სტუდიაში ჩაწერა „აუტსაიდერმა“ თავისი პირველი ალბომი Inside მოსკოვში 1992 წელს. სხვათა შორის, ეს ალბომი პირველი ფირფიტა იყო ქართული როკ-ჯგუფების ალბომებს შორის, რომელიც საზღვარგარეთ ჩაიწერა. სწორედ „აუტსაიდერი“ იყო ერთადერთი ქართული კოლექტივი, რომელმაც ჯერ კიდევ 1991 წელს მონაწილეობა მიიღო ჯერ ტალინის, შემდეგ მოსკოვის საერთაშორისო ალტერნატიული მუსიკის ფესტივალზე.

ტრიო „აუტსაიდერის“ ფრონტმენი, ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი, რობი კუხიანიძე 2000 წელს ქუთაისიდან დედაქალაქში გადმობარგდა. თბილისში მის შემოქმედებას კარგად უკვე 1996 წლიდან ეცნობიან მას შემდეგ, რაც „აუტსაიდერმა“ ფესტივალ „მარგარიტა 96“-ზე საუკეთესო ქართული ალტერნატიული მუსიკის ნომინაციაში გაიმარჯვა. რობი დედაქალაქში გადმობარგებას ასე ხსნის: „თბილისი ჩემთვის მოძრაობის ადგილია, ქუთაისი კი სიკვდილის სადგური გახდა“.

რობის ბევრ სიმღერაში მსმენელი იგრძნობს სუფთა ეროვნულ, მეგრულ-სვანურ-აჭარულ, ზოგჯერ კი რუსულ ხასიათსაც, რომელთაც რობი, რაღა თქმა უნდა, ქუთაისური აქცენტით ასრულებს. მისი ტექსტები (ლექსები) ტრადიციულად, პირქუშია და თითქმის უკლებლივ პირველ პირშია დაწერილი. სიმღერებს, რომლებიც ხშირად უხეშობაში გადადის, მაინც აქვს შიშველი უხამსობის შინაგანი, ერთგვარი არისტოკრატიული და ზრდილი თავშეკავებულობა, რაც ნაწარმოებს თავისებურ ხიბლს აძლევს.

ალბათ, სწორედ ამ მიზეზების გამო, როდესაც „აუტსაიდერი“ ასრულებს საკუთარ ცნობილ სიმღერებს: „ძუძუ“, „ქალაქში ბნელა“, „დუმილი“, „ტაია“ და ა.შ. ზოგიერთ მაყურებელს, რობის სხეულიდან გადმონთხეული გრძნობების შემხედვარეს, მძაფრი სურვილი უჩნდება მთელი ხმით იყვიროს – „მე თავისუფალი ვარ!“ და თან მთელი უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლდეს.

„ერთი კაცი ხელს მიშლის, სმას რომ თავი დავანებო. ეს ტომ უეიტსია. მისი ხრინწიანი, დადღანა ხმის მოსმენისას დალევა მინდება“, – ამბობს რობი. მას ჯიმ მორისონი, იან კერტისი (ჯგუფიდან Joy Division) და „ამერიკის დიდ ოცნებაში ჩამფურთხებელი“ კურტ კობეინი მოსწონს. ქართველებიდან, როგორც ამბობს, ინოლა გურგულიასაგან სულიერ საზრდოს იღებს, ხოლო ჰამლეტ გონაშვილს თავის ყველაზე დიდ პედაგოგად მიიჩნევს.

--------------------
მოკლე დოსიე
--------------------
სახელი, გვარი: რობერტ (რობი) კუხიანიძე.
დაბადების თარიღი, ადგილი: 1965 წლის 5 აგვისტო, ქუთაისი.
პროფესია: მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორი.
სამუშაო: ჯგუფი „აუტსაიდერი“ (შეიქმნა 1989 წელს ქუთაისში).
ოჯახი: მეუღლე ირმა სოხაძე, შვილები: სალომე, მალხაზი.
ალბომები: Inside – 1992, „პრიმიტივი“ - 1997 და „მკვლელი“ – 1999 წელი.
სამხედრო ვალდებულება: მსახურობდა ქ. ლენინგრადის სარაკეტო ნაწილში.
----------------------------------------------------------------------------------------------------------

– რობი, როგორ ფიქრობ, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა?

– ძალიან მძლავრი რეფორმებია საჭირო. ჩვენ ძაან მაგარ ისტორიულ მონაკვეთში ვიმყოფებით. კურთხეულ მიწაზე ვცხოვრობთ. გახსოვს, მუზეუმებიდან რელიგიური სიმდიდრეების გატანა რომ უნდოდათ? დედას გეფიცები, მართლა გაყიდდნენ. რელიგია სულისა და ერის კულტურაა. ქართულ კულტურას აღორძინება კი არა, ცხოვრება სჭირდება. ერთი ენა დაგვრჩა და მასშიც კუთხურობას ებრძვიან, – მეგრელი მეგრულად რატომ ლაპარაკობსო, ისინი აფხაზები კი არა, აფსუები არიანო, კახელები კახურ კილოზე რატომ საუბრობენო და ა.შ. ამ დროს, ტელევიზიით საკაცობრიო ღირებულებებზე ლაპარაკობენ. ტერიტორიებთან ერთად, ჩვენი კულტურაც იკარგება. ჩვენ ქუჩაში ლოთებს გვეძახიან, მაგრამ ოჯახში რომ ლოთობა არ შეიძლება, ეს ვიცით. სახლში წესრიგი უნდა იყოს, მაგრამ გვაქვს კი ჩვენ სახლი?

მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ქართულ თეატრს დიდ პატივს ვცემ, მასში დღეს მაგარ იდიოტიზმს ვხედავ. უყურონ მთელი ცხოვრება რობერტ სტურუას და დადგან მარტო შექსპირი. კონსტანტინე გამსახურდიას ჩემს ფეხებს შეეხებიან, რადგან მათთვის ის ძალზე თანამედროვეა. ისინი სიძველეში ეძებენ თანამედროვეობას. მე თურმე, ამერიკელებისგან და ინგლისელებისგან უნდა ავიღო მაგალითი და ყველას დაავიწყდა, რომ „ხორუმი ქართული ცეკვაა“.

კულტურა მაშინ ვითარდება, როცა მუსიკოსი მუსიკოსის, პოლიტიკოსი პოლიტიკოსის გვერდით დადგება და ერთმანეთს დაუახლოვდებიან, ერთად დალევენ, ერთად დაუკრავენ, ერთად ისაუბრებენ მუსიკაზე ან პოლიტიკაზე.

– როგორც ვხედავ, სახელმწიფოს მიერ გატარებული „რეფორმები“ არ მოგწონს. ეთანხმები გამოთქმას, როგორიც სახელმწიფოა, ხალხიც ისეთივეა?


– ხალხი არაფერ შუაშია. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანების ნაწილი უდიდესი ნაწილი ცხვრებს ჰგავს, მცირე ნაწილი კი – თხებს. საერთოდ, ცხვარს თხის გარეშე სიარული არ შეუძლია. თხა კი ყოველთვის თავის ჭკუაზე დაბორიალობს. კლინტონები, ბუშები და პრეზიდენტები თხები არიან, ჩვენ ცხვრები ვართ. მოდით, გავყვეთ მათ და შევხედოთ რას აკეთებენ. მათ ყველაფერი გათხარეს, ამოთხარეს, ამოძირკვეს და შექმნეს ხელოვნური უფსკრულები, ამიტომ თავადაც აღარ აქვთ გასაქანი. ცხვრებს კი არ უჯერებენ. მათ შეუძლიათ, ამ უფსკრულებს გვერდი აუარონ, მაგრამ მაინც ჯიუტად პირდაპირ, მათივე შექმნილი უფსკრულისკენ მიჰყავთ ცხვრების ფარა, რადგან სხვა გზა არ იციან. სხვა გზით რომ წავიდნენ, ცხვრები წინ აღმოჩნდებიან, ეს კი არ უნდათ და არც შეიძლება. უზენაესმა დააწესა, რომ ცხვარი თხას უკან უნდა მიჰყვეს.

– ბოლოს თუ გიჩხუბია ვინმესთან და რატომ, თუ გახსოვს?

– მიჩხუბია?... ფიზიკური ჩხუბი არ მახსოვს. ისე კი, ყოველი კონცერტი ჩემთვის ჩხუბი და მოფერებაა. ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვეჩხუბები. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა რეპეტიცია. ის ჩემთვის ხანგრძლივი დიალოგია საკუთარ თავთან.

ჩვენი ერის პოტენციაში იმხელა სიკეთე დევს, რომელიც საუკუნეების სიღრმეებიდან მოგვდევს, მიმიფურთხებია მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის აზროვნებისთვის, დღეს რომ ჭკუას გვარიგებს და გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ძალიან კარგად ვიცი, როგორც უნდა ვიცხოვრო, – როცა მომშივდება, უნდა ვიმუშაო, თანაც ისე, სხვას რომ არ დააკლდეს. ჩვენი მილიონრები ფულის გოიმები არიან, – თითო ქალაქში ხუთ-ხუთი სახლი აქვთ აშენებული. საბოლოოდ ერთმანეთს რესტორანში პატიჟებენ და ყველაფერი სროლებითა და სისხლით მთავრდება. ამათი დედაც...

– რობი, პოლიციასთან საქმე თუ დაგიჭერია?

– პოლიციასთან საქმე არასოდეს დამიჭერია. ბევრ კარგ პოლიციელს ვიცნობ, მეგობრებიც მყავს. ისე, საქართველოში პოლიცია არ არსებობს. არსებობენ „ძაღლები“. ეს ადამიანები უხელფასოდ მუშაობენ, რადგან სახელმწიფომ ისეთი აზროვნება შექმნა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ადამიანმა, ძაღლივით, ჩვენი ხელიდან ჩვენივე სადილი უნდა ჭამოს. საქართველოში ნებისმიერი მთავრობა „ძაღლი“ იქნება. ამათ ხელში საქართველომ თუ კიდევ 20 წელი იარსება, ყველა „ძაღლობაში“ დაასრულებს თავის სიცოცხლეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ეს სატანური აზროვნებაა.

უბედურებაა, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლე სადღაც 2000 დოლარი ღირს. ამ ფასად ნებისმიერი ადამიანის განადგურება შეიძლება და ეს უკვე დააკანონეს. იმ ახალგაზრდების მდიდარი მამები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან ძალიან ჰგვანან თენგიზ აბულაძის ფილმის „მონანიების“ გმირს აბელ არავიძეს, რომელსაც ნებისმიერი ჩადენილი დანაშაულის გასამართლებლად შვილისათვის გამზადებული პასუხი აქვს – ასე იყო საჭირო ოჯახის ღირსების შესანარჩუნებლად და ა.შ. ამ აზროვნებისაა ქართველი ერის ველური ნაწილი, მაგრამ ჩვენი ერის პოტენციაში იმხელა სიკეთე დევს, რომელიც საუკუნეების სიღრმეებიდან მოგვდევს.

– მსოფლიოს თანამედროვე მუსიკაში მიმდინარე პროცესებს როგორ უყურებ?

– მიმაჩნია, თუ ადამიანი მუსიკაში რამეს აკეთებს, ის საკუთარ გზას უნდა გაჰყვეს და ამას პროგრესი მოჰყვება. არ მიყვარს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი და იმავე მსმენელისათვის მუშაობს. ეს ნიშნავს, 30 წლის განმავლობაში დაუკრა ერთი და იგივე, ანუ ჩაჯდე სტანდარტებში. არიან მუსიკალური მიმართულების ადამიანები, რომლებიც აკონკრეტებენ, ვის ან რას ემსახურებიან.

საერთოდ, ბავშვები ტირილით იბადებიან, მიმართულების ადამიანები კი პირიქით, სიცილით. მიმართულებების არსებობა არ არის მუსიკოსების ბრალი, ეს ყველაფერი შოუბიზნესია, სადაც შენ გცდიან, თუ რამდენ ხანს გაუძლებ სხვის დაკრულზე ცეკვას. არასერიოზულად ვუყურებ ყველას, ვინც მიმართულებას ეძებს. უბრალოდ, შენი სათქმელი უნდა თქვა და მუსიკაში უნდა იცხოვრო, ტკივილი დააფიქსირო. არასერიოზულია, როდესაც ხელოვანი ფიქრობს, როგორ ვიცხოვროო. როგორც ცხოვრობს, ისე უნდა იცხოვროს ადამიანმა.

– ახლა ახალს რას აკეთებ?

– კარგა ხანია, არაფერი დამიწერია და გამიკეთებია, რადგან რაღაცეები ჯერ ვერ გავარკვიე. მართალია, დღეს მეტაიება, მეძუძუება, მაგრამ არასოდეს პორნოგრაფია არ დამიგდია და არც დავაგდებ. ყველაზე საშინელი ბოზი არის ის ადამიანი, რომელიც საკუთარ გრძნობას ჟიმავს. ახლო მეგობრები გვერდით მიდგანან და ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ.

– საქართველოში რა არ მოგწონს?

– აუუუ!..

– მაშინ რა მოგწონს?

– სიგიჟემდე მიყვარს ბუნება. ეს ადგილი, ეს მიწა მიყვარს და უკვე აღარ მომწონს, აქ ვიღაც ოხრები, ღვთის პირისგან გადავარდნილი სექტანტები, ჩათლახები და პიდარასტები რომ დაბორიალობენ. კარგია, ცოცხლები რომ ვართ. მაგარი გამძლე ხალხი გამოვდექით. სამშობლო თავის შევარდნაძიან-შაშიაშვილიანად უნდა გიყვარდეს. იმდენი ფული უნდა გქონდეს, როცა მოგინდება, ლუდი დალიო, სახლში ორი თეთრი მიიტანო, რათა ოჯახში თავი მამად იგრძნო, მაგრამ ამისთვის კაცი მოვკლა? ძაღლობაში ვიმუშავო ან ქურდი გავხდე? საქართველოში ყველაფერი იყიდება. არც პოლიტიკა არსებობს, არც კულტურა. არსებობს მხოლოდ „აგერ მომეცი“, თანაც შენ რომ სთავაზობ, იმაზე მეტს ითხოვენ. ეს უნამუსო ცხოვრებაა, დედას გეფიცები.

ჩვენ XII საუკუნეზე შემჯდარი „სასტავი“ ვართ. ვამაყობთ აღმაშენებლით, მისი ცხენებით. დღეს აქ, ყველაფერი გააძეგლეს, ხალხს კულტურა წაართვეს. ის აღარ ახსოვთ, რომ სწორედ მე-12 საუკუნემდე მოხდა ქართული კულტურის აღორძინება. აღმაშენებლის დროს კი ამ კულტურის პანაშვიდები დაიწყო, რომელიც შემდეგ საუკუნეებში დასაფლავებით დასრულდა. ახლა, ქართველი ერის და ქართული კულტურის ჩატკეპნა მიდის. აი, ბრანწი მაგათ, ვისაც ეს სურს! დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია, რამე სასიკეთოდ არ შეიცვალოს. მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდ ალტერნატივაში მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება იცხოვრო. საქართველო სიგიჟემდე მიყვარს. ახალშობილ ბავშვს რომ ეხუტები პირველად და სადღაც რომ გეშინია, – აი, ასე მიყვარს.

No comments:

Post a Comment